მხოლოდ გულის ტკივილს იწვევს ჩემში, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებზე, რომელშიც გახარია აღნიშნავს: „ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის“.
„ძალიან მიჭირს გიორგი გახარიაზე საუბარი, რაც უნდა გულდასაწყვეტი იყოს, ჩვენი პარტიული სიის ნომერ პირველი ადამიანი, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არასერიოზულ მოცემულობად არის ქცეული. არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულისტკივილს იწვევს ჩემში, როგორ შეიძლება, ადამიანი ერთი დიდი პოლიტიკური პედესტალიდან თავისივე ნებით ჩამოცურდეს, გადმოვარდეს და შემდეგ დაემსგავსოს იმას, რასაც დამსგავსებია დანარჩენი. ვნახოთ, რა უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ვერაფერს გააკეთებს, ხომ ხედავთ, სერიოზულ კომენტარსაც ვერ ვაკეთებ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.