კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიერ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.
წულუკიანის თქმით, ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა და თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ "წარუმატებელი პოლიტიკოსების" ხელში ინსტრუმენტი იყოს, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.
"მარგველაშვილის წერილთან დაკავშირებით ჩემი პირველი რეაქციაა, რომ სააკაშვილს ვუთხრა, მორიგჯერ გიყენებენ. მიშა მათ იარაღად არის ქცეული. არ მინდა, უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო. ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და თუ თავად სააკაშვილი თანახმაა, რომ ის მხოლოდ გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს გარეთ დარჩენილი წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.
მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს, რომლებიც ისე მოქმედებენ დღეს, როგორც თავის დროზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებას რომ ვცდილობდით, გიორგი კანდელაკი და მისი თანამებრძოლები, მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში სხვა ძალიან ბევრი განსაცდელი გამოუვლია და არასოდეს დამარცხებულა. დროებითი წარუმატებლობა რაც იყო, ევროკავშირის მხრიდან სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება – ჩვენ ქვეყანას უთხრეს უარი და მოლდოვას, უკრაინას უთხრეს – კი, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერისა და მისი ხელისუფლების წარმატებული ძალისხმევის შედეგად, უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული" - ამბობს წულუკიანი.