„პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს - DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას ეხმიანება.
„ვეხმაურები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს - DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას.
არსებული ცვლილებები არ არის ის ძირეული რეფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას სჭირდება. დარგს და ქვეყანას ესაჭიროება საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა, ფარმაცევტული კომპონენტით, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები სავალდებულო წესით შეიძენენ ჯანდაცვის საბაზისო საოჯახო პაკეტს. საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს კი, საოჯახო დაზღვევის პაკეტს შეუძენს სახელმწიფო, სრულად ან ნაწილობრივ, სპეციალური შკალით, ამ ოჯახების შემოსავლისდა მიხედვით.
მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, რა განფასებებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო დარგს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანდაცვაში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ფარმაცევტული სექტორი) ხარჯების 50 %-ზე მეტი მოდის სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. რადგან ჯანდაცვის სისტემის მთავარი დამკვეთი არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რეალურად არეგულირებს ფასებს, ამ ცვლილებამ უნდა მოიცვას ხელფასების რეგულაციაც. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს შესაბამისი გათვლები და შემოიღოს დაახლოებით ასეთი სახელფასო ნიხრები:
ექთნის მინიმალური ანაზღაურება - 1 200 ლარიდან.
აფთიაქში დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტის ხელფასი - 1500-1800 ლარიდან.
ოჯახის ექიმის ხელფასი - 3 000 ლარიდან.
ხელფასების ზრდის გარეშე, დარგში იქმნება კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი. უკვე დღეს, კვალიფიციური ექთნების რაოდენობა ქვეყანაში არანაირ ნორმას არ შეესაბამება. რატომ: იმიტომ, რომ არ არის ღირსეული ანაზღაურება! კვალიფიციური ექთნები მიდიან საზღვარგარეთ, სადაც მათ სიამოვნებით იღებენ და მათი შემოსავალი 1000-დან 2000 ევრომდე მერყეობს.
აქვე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს და შემოიღოს მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით. ასევე, უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც დღეს 250 ლარამდეა, არ არის რელევანტური და როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 ლარს.
ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები! „, - ამბობს ოქრიაშვილი.