ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პასუხისმგებლობას მათი ყველა შესაძლო გზით მხარდაჭერა წარმოადგენს.
„უკრაინა და მოლდოვა ახლა ჩვენს კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. ცვლილებების ქარმა კიდევ ერთხელ დაუბერა ევროპაში, ისევე, როგორც 1970-იან წლებში, როდესაც ესპანეთმა, პორტუგალიამ და საბერძნეთმა აირჩიეს დემოკრატია ან როცა თავისუფლებისთვის მებრძოლებმა დაანგრიეს ბერლინის კედელი. რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც ევროკავშირი, ისე მისი მეზობელი ქვეყნები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა რუსეთის აგრესია, ენერგეტიკული დაუცველობა, კლიმატური ცვლილებები და საფრთხეეები ღია საზოგადოებებისთვის. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს ყველა პარტნიორთან ერთად, მათ შორის მათთან, ვისაც არ სურს კავშირში გაწევრიანება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში ომი და კრემლის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსია.