ფულს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ როგორც ფეხბურთში არაა პრობლემა ფული, ისეა პოლიტიკაშიც, – ასე ეხმიანება „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება“
„მგონია, რომ ბოლო პერიოდის წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ რაღაც უნდა შეიცვალოს. კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობა“ დაიშლება და ეს მოთხოვნა უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ თუ დაშლას არ აპირებენ, სულ მცირე აუცილებელია, ისე ტრანსფორმირდნენ, რომ გავიგოთ, ვინ ლაპარაკობს „ნაცმოძრაობის“ სახელით და მის ნალაპარაკებს თავად „ნაცმოძრაობის“ შიგნით რა დონის რეპუტაცია აქვს.
ფულს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ როგორც ფეხბურთში არაა პრობლემა ფული, ისეა პოლიტიკაშიც. მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ფიქრი ეზარებათ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასევე შეთანხმება და საუბარი ეზარებათ, უნდათ ფონს ლანძღვით გავიდნენ, რაც ყოველთვის არ მუშაობს. ახლა ყველაფერმა თავი ამოწურა, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი. სამწუხაროდ, ოპოზიციას უნარი არ აქვს, თვისობრივად განსხვავებული იფიქროს წარსული პრაქტიკიდან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.