ბევრჯერ თქმულა ამ ქვეყანაში, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, შევცვლით, დავამხობთ ხელისუფლებას და მერე ხალხი რჩება იმედგაცრუებული. კონკრეტული გზებია საჭირო, როდესაც ადამიანებს დაარწმუნებ, რომ გამოგყვნენ, მათ შორის ასეთი ტიპის რადიკალურ სცენარში, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, არ სჯერა ასეთი ტიპის რევოლუციური სცენარების.
„ყველანი თვალს ადევნებთ, როგორ ხდება ქართული პოლიტიკური სპექტრის რადიკალიზაცია. მე ამას ვაბრალებ მაინც იმას, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლაზე და ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს იმ რადიკალური ამომრჩევლის გულის მოგებას, რომელიც შეიძლება, გულდაწყვეტილი იყოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გამო. ბატონი ვაშაძის გააქტიურებაც თავის დროზე ამას უკავშირდებოდა და ეს პროცესიც ამას უკავშირდება.
რაღა დროს მანდატების დატოვებაზეა საუბარი. ნეტავ მანდატები უშლიდეს ვინმეს ხელს, ვისაც რამის გაკეთება უნდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მანდატებს აბრალებენ იმ პრობლემას, რომელიც არ არის მანდატებთან დაკავშირებული. თუ რამე სერიოზულად გინდა, რევოლუცია ამ შემთხვევაში, თუ ამაზე ვსაუბრობთ, მანდატებით ეს უკეთესი გასაკეთებელია. იმიტომ, რომ იმუნიტეტი გაქვს და უცბად ვერ გიჭერენ. არ მჯერა ასეთი ტიპის რევოლუციური სცენარების. განა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხისგან გაბრაზებას, არამედ იმის გამო, რომ ბევრი იმედგაცრუება უკავშირდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, თუნდაც ამ მიმართულებით. საკმაოდ რთულია, რომ ერთ დღეს უცბად არაფერი შეიცვალოს და ისე დაიჯერო, რომ რამე განსხვავებული მოხდება.
ოპოზიციაში ბევრნაირი ხალხია, ბევრი შეიძლება სხვადასხვანაირ კრიტიკას იმსახურებდეს, მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რომ ვინმემ პასუხის გაცემა შეძლოს. ხშირად, საერთოდ ჩემს თავზე არ ვღებულობ ასეთი ტიპის კრიტიკას და პარლამენტში ყოველთვის არის ხალხი, რომელიც გასაკრიტიკებლად მოიძებნება და ასეთი გაკრიტიკების ღირსიც იქნება. ბევრჯერ თქმულა ამ ქვეყანაში, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, შევცვლით და დავამხობთ ხელისუფლებას და მერე ხალხი რჩება იმედგაცრუებული. კონკრეტული გზებია საჭირო, როდესაც ადამიანებს დაარწმუნებ, რომ გამოგყვნენ, მათ შორის ასეთი ტიპის რადიკალურ სცენარში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.