ის, რაც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური „აფერისტობაა“, - ამბობს „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
„რაში სჭირდება ბატონ ივანიშვილს პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშება?! მას ერთადერთი მიზანი აქვს - გადაიტანოს ჩვენი მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან აბსურდის თეატრისკენ და ხალხი ვირტუალურ, გამოგონილ რეალობაში აცხოვროს. ამით სურთ, რომ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და არჩევნებზე, მორიგ ჯერზე დააშინონ, მოისყიდონ და მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა.
დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთადერთ რამეზე უნდა საუბრობდეს, მათ შორის განსაკუთრებით, მმართველი პარტია, რადგან მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს ერთადერთი საკითხია საქართველოს ეკონომიკა. 2012 წლიდან, „ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო და დღესაც უნდა იყოს - როგორ გაზარდოს ეკონომიკა ყოველწლიურად, მინიმუმ 10 %-ით და როგორ შეუწყოს ხელი მეწარმეებს, შექმნან სამუშაო ადგილები ღირსეული, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად მინიმუმ 1000-1500 $-იანი ანაზღაურებით. რადგან ეს მთავარი ამოცანა 10 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა, ამიტომაც გვაცხოვრებენ პოლიტიკური აბსურდის თეატრში.
საკმარისია - აბსურდის თეატრით ვეღარ მოგვატყუებთ! „, - ამბობს ოქრიაშვილი.