მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების, - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის მისამართით გაკეთებულ შეფასებას და კობახიძის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმიანება.
"მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ) უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების.
სიმართლე გითხრათ ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა.
ის. რომ უზედელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის. ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ მიაჩნია ეს მამაშენი კაგებეშნიკი იყო გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება ამას არ ვიცი რა ეშველება. კობახიძე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს, სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასე ხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას", - წერს ხიდაშელი "ფეისბუქზე".
უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ "მთავარი არხის" ეთერში კობახიძეზე განაცხადა, რომ КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ დავერბოვკებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა," - თქვა არახამიამ.
ამ თემასთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკთხვას ირაკლი კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე, სამარცხვინო, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი".