შეიძლება, ვიღაცას კრიტიკა დააკლდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდაო, ვერავინ იტყვის, თუმცა პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება, – ასე შეაფასა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „დღის თემისთვის“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ.
იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების მხრიდან მოლოდინი დიდია.
"მგონი, „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე სხვა პოზიცია ვერ გექნება და ალბათ, კრიტიკა ერთადერთი გამოსავალია. შეიძლება, ვიღაცას კრიტიკა დააკლდა, მაგრამ ზედმეტი მოუვიდაო, ვერავინ იტყვის, თუმცა პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება; ახლა საზოგადოება მეტს ელოდება, როცა პირისპირ დგას საკითხი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, საკუთარი თავის მიმართ ყველა კრიტიკული უნდა ვიყოთ, რადგან ეს მხოლოდ დაგვეხმარება ისეთ დროს, როცა შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. არ ვიცი, პრეზიდენტის ხელში რა არჩევანია და აქედან რისი გაკეთება შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიმართ საზოგადოების მხრიდან მოლოდინი დიდია. საზოგადოების მოლოდინს რომ ვამართლებდეთ, ახლა იმ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, რაშიც ვართ. ამიტომ საკუთარი თავის მეტი მოწოდება გვჭირდება, რადგან ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლა უნდა იყოს, რომ იმ კურსს არ გადაუხვიოს, რაც ქართველი ხალხის არჩევანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.