ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის მხრიდან თავდასხმა ან შეურაცხყოფა აშშ-ის მთავრობაზე ან მის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა და ეს მომავალშიც გამორიცხულია, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თავდასხმა და შეურაცხყოფა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო.
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულობის განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია. თუ თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუ რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ, მმართველ პარტიას გადააბრალონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.