ერთი ღამე გავათენოთ საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მერე შეიძლება ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში - ასე მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.
აქციის მონაწილეთა ნაწილი სამოქმედო გეგმის დეტალების გამხელას მოითხოვს. შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გეგმას ეტაპობრივად გაუმხელენ, რადგან სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას. შეკრებილები კი სკანდირებენ და სამოქმედო გეგმას ითხოვენ.
"გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს. ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ, აი, ხვალ დილით, ხომ არის ეროვნული გამოცდები, ხოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - დავრჩეთ აქ დილამდე, გავათენოთ ღამე და გზაში გეტყვით, როგორ მივაღწევთ შედეგს...მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მერე შეიძლება ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი მოქალაქეა შეკრებილი. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა.