სამოქალაქო მოძრაობამ „შინ ევროპისკენ“ მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცა. მოძრაობის ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოთხოვნები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მისივე თქმით, შემდეგი აქცია 3 ივლისს გაიმართება, მანამდე კი ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავლენ და აქციისთვის მხარდამჭერებს მოაბილიზებენ.
„ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რათა გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე, ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს გზა. ჩვენ ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე. სამ ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, ვიდრე არ დაიშლება ოლიგარქია“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.