ახალი სახალხო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საზოგადოებას გააცნო ის სამომავლო ნაბიჯები, რასაც მოძრაობა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადადგამს.
მანამდე, დიღმელაშვილმა, მოძრაობის სახელით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა, რისთვისაც მთავრობას ერთკვირიანი ვადა მისცა.
შოთა დიღმელაშვილმა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 3 ივლისს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასშტაბური აქცია დააანონსა, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის წინ დასრულდება.
"თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს სად სუფევს საქართველოს ხსნა და ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე! ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში პარლამენტის წინ! და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!" ,- თქვა შოთა დიღმელაშვილმა.