"გაფართოებული შეხვედრა გაიმართა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ. შვედეთის მხრიდან გვაქვს ამ მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტოკჰოლმში, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ანდრეას ნორლენთან და შვედეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს ის გეგმებიც, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით აქვს.
"ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე. ზოგადად, რომ შევაჯამოთ სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტი, ოთხივე ქვეყნისგან გვაქვს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს კანდიდატობასთან და ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტით, შევძელით როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, სკანდინავიური ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.