თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერზე, დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს.
დაცვის მხარე ხომასურიძისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 6 ივნისს, "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრს ხათუნა სამნიძეს რუსთაველის გამზირზე თავს ორი პირი დაესხა.
შსს-მ გამოძიება დავით ბერძენიშვილის ეპიზოდში ძალადობის (სსკ-ის 126-ე), ხოლო ხათუნა სამნიძის ნაწილში მუქარის (სსკ-ის 151-ე) მუხლებით დაიწყო. იმავე დღეს პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს.
2022 წლის 6 ივნისს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის ირაკლი ხომასურიძე დააკავეს. 7 ივნისს, დავით ბერძენიშვილმა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლით სასამართლო სამედიცინო შემოწმება გაიარა.
7 ივნისს პროკურატურამ დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელს ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე წარუდგინა.