ბრაზილიელმა სენატორმა ფლავიუ ბოლსონარუმ, რომელიც ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა, განაცხადა, რომ ის „კანონიერად არჩეული პრეზიდენტია“. მოგვიანებით მან განცხადება შეცვალა და საკუთარ თავს ბრაზილიის კანონიერი „ლიდერი“ უწოდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ში ყოფნისას ბოლსონარუმ თავი ბრაზილიის კანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა და არჩევნების გაყალბებაში თავისი მეტოქე ლუის ინასიუ ლულა და სილვა და ქვეყნის უზენაესი სასამართლო დაადანაშაულა.
ბოლსონარუმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავშესაფრის მიცემისთვის.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ფლავიუ ბოლსონარუმ თავი „არჩეულ პრეზიდენტად“ გამოაცხადა. მოგვიანებით მან ეს ვერსია წაშალა და ახალი წერილით ჩაანაცვლა, რომელშიც განაცხადა, რომ ბრაზილიის კანონიერი „ლიდერია“.
„მინდა მივმართო არა მხოლოდ ჩემს 60 მილიონ ამომრჩეველს, არამედ ბრაზილიელ ხალხსაც და ვუთხრა, რომ მე ვარ ლიდერი, ხოლო ის დამნაშავეები, რომლებმაც ბრაზილიაში არჩევნები მოიპარეს, იმ კრიმინალური ორგანიზაციის ნაწილია, რომელმაც ტირანია დაამყარა“, - განაცხადა ბოლსონარუმ.
თავის მხრივ, ტრამპმა ბოლსონარუს განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში „ჩარევას არ აპირებს“.
ბრაზილიის ფედერალურმა საარჩევნო სასამართლომ, მსოფლიო ლიდერებმა, საერთაშორისო დამკვირვებლებმა და თავად ბოლსონარუს პარტიამ ლუის ინასიუ ლულა და სილვას გამარჯვება აღიარეს.
ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდა.