ნატოს მომავალ [მადრიდის] სამიტზე საქართველოს პოზიციაში წინსვლა არ იქნება. არ ვფიქრობ, რომ უკან დახევა იქნება, მაგრამ პროგრესი არ იქნება, - აცხადება ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, "ატლანტიკური საბჭოს" ევრაზიის პროგრამების ხელმღვანელი, ჯონ ჰერბსტი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
ჰერბსტი თავისი მოსაზრების გასამყარებლად საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას ასახელებს.
"ნატო დემოკრატიების კლუბია და ეჭვგარეშეა, რომ შვედეთსა და ფინეთს მრავალი ათწლეულის დემოკრატია აქვს. რა თქმა უნდა, ქვეყნები, რომელთაც ნატოში გაწევრიანება სურთ და ალიანსის წევრობისკენ ისწრაფვიან, ნათლად დემოკრატიულები უნდა იყვნენ. საქართველოსა და უკრაინას დემოკრატიული მაჩვენებლების მხრივ წარსულში პოზიტიური გამოცდილება აქვთ, მაგრამ როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გარკვეული უკუსვლა მოხდა. სააკაშვილი წმინდანი არ იყო, მაგრამ სამარცხვინოა, როგორც მას ახლა ეპყრობიან. საქართველოს მთავრობამ ეს უნდა გამოასწოროს", - ამბობს ჰერბსტი.
ამასთან, ჰერბსტი საქართველოს მთავრობას არსებული ვითარების გამოსასწორებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.
"მე მაქვს ორი წინადადება. პირველი დემოკრატიის ნაკლოვანებებს მიემართება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ. შეწყდეს სააკაშვილის არასათანადო მოპყრობა და დავრწმუნდეთ, რომ ოპოზიციისთვის მიცემული პირობები შესრულდება. და მეორე, დიდი ხანი და კარგად იფიქრეთ იმაზე, თუ რა გზებით შეუძლია შეერთებულ შტატებს, დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება, რადგან ეს არის, რისი გაკეთებაც ჩვენ გვსურს", - აცხადებს ჰერბსტი.