აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის 13 მოქალაქესა და 21 რუსულ კომპანიას, რომლებიც მაღალი ტექნოლოგიის სფეროში მუშაობენ, მათ შორის არის რუსეთის არმიისთვის მომუშავე ორგანიზაციებიც. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
სანქციები დაუწესდა მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანია "მიკრონსა", რუსეთში მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელ კომპანიას. ასევე სანქცირებულთა სიაში მოხვდა პროგრამული უზრუნველყოფისა საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანია "ნიი-ვექტორი" და კომპიუტერული ფირმა T-Platforms.
სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა კომპანია "სერნია ინჟინერინგი" და კომპანია "სერტალი", რომლებიც დაკავშირებული არიან იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის წარმოებასთან.
შეგახსენებთ, მანამდე დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა ახალი სანქციების დაწესების შესახებ რუსი პროპაგანდისტებისა და რუსი გენერალ-პოლკოვნიკის მიხაილ მიზინცევის მიმართ. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც "მარიუპოლის ყასაბი" მარიუპოლში ჩადენილი სისასტიკისა და ქალაქის განადგურების გამო.
ამასთან, ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მიზნით განიხილავენ შეზღუდვების გაფართოებას, რაც შეიძლება მეტი ბანკის მიმართ, ასევე სანქციების დაწესებას ოლიგარქების ოჯახების უფრო მეტი წევრის წინააღმდეგ და შეზღუდვების გამკაცრებას კრიპტოვალუტის გამოყენების წინააღმდეგ, რომელსც შესაძლოა, მიმართონ სანქცირებულმა პირებმა დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით.