რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ცინიკურად აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზანს არ წარმოადგენს მოქმედი ხელისუფლების დამხობა და მისი სახელმწიფოებრიობის ხელყოფა.
ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მიზნად ისახავს "უკრაინის დენაციფიკაციას", "უკრაინიდან მომავალი საფრთხეების აღკვეთა" და "კიევის რეჟიმისგან დონბასის რესპუბლიკების დაცვა".
მისი თქმით, "ამ ყველაფრის გამეორება უწევთ, იმ დეზინფორმაციის ნაკადიდან გამომდინარე, რასაც დასავლეთის სპეცსამსახურები ახორციელებენ".
ამასთან, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთს არ შეუძლია, რეაგირება არ მოახდინოს ნატოს კონფრონტაციულ კურსზე.
"ნუ გეშინიათ, რუსეთი არასოდროს დამუქრებია ალიანსს და არც ახლა ემუქრება. ამავდროულად, რუსეთს არ შეუძლია, რეაგირება არ მოახდინოს ნატოს კონფრონტაციულ კურსზე ჩვენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ზახაროვას განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება არის "ღია პროვოკაციული ქმედება" და "ხელს არ უწყობს ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებას".
მანამდე, 7 მარტს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩამოთვალა, მოსკოვის მოთხოვნები უკრაინის მიმართ: ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა და კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერის გაკეთება.
ზახაროვას მტკიცების მიუხედავად, ვრცელდება სარწმუნო ცნობები, რომ რუსეთს უკრაინაში ხელისუფლების დამხობა და მარიონეტული მმართველის დანიშვნა აქვს განზრახული. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა ჯერ კიდევ იანვარში იტყობინებოდა.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი შესაძლოა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის "თანამდებობაზე აღდგენას" გეგმავდეს.