დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც ბრიტანულმა დაზვერვამ გამოააშკარავა რუსეთის სპეცსამსახურების გეგმები უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შესახებ.
"ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთს სურს კიევში პრორუსი ლიდერის დანიშვნა", - ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, რუსეთის გეგმის მიხედვით, უკრაინის მთავრობის მეთაური უნდა გახდეს ყოფილი დეპუტატი, პროპაგანდისტულ ტელერახ „ნაშის“ მფლობელი ევჰენ მურაევი.
ბრიტანეთის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების საკონტაქტო პირები რუსეთის ტერიტორიაზე იყვნენ ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსნები, რომლებიც უკრაინიდან "ღირსების რევოლუციის" შემდეგ გაიქცნენ. კერძოდ,
სერგი არბუზოვი, უკრაინის ვიცე პრემიერი 2012-014 წლებში, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი 2014-ში.
ანდრიი კლუევი, ვიცე პრემიერი 2010-2012 წლებში, შემდეგ იანუკოვიჩის კაბინეტის შეფი
ვლადიმირ სივკოვიჩი, უშიშროების საბჭოს უფროსის ყოფილი მოადგილე
მიკოლა აზაროვი, პრემიერი 2010-2014 წლებში.
"ზოგიერთი მათგანი ასევე კონტაქტობს რუსეთის დაზვერვის იმ თანამშრომლებთან, რომლებიც დღეისათვის ჩართულნი არიან უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში", - ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც დღეს გავრცელდა, ფარდას ხდის რუსეთის მოქმედების მასშტაბებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის დასამხობად და აშკარა წარმოდგენას ქმნის კრემლის ზრახვებზე.
ლიზ ტრასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა და მოუწოდა რუსეთს, ხელი აიღოს თავის განზრახვაზე.