მაშინ, როდესაც პუტინი შენჟენში, წითელ ხალიჩაზე დადიოდა, რუსეთის იერიშების შედეგად კიევში რამდენიმე ევროპული და არაევროპული ქვეყნის საელჩო დაზიანდა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოვიალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 19 ნოემბერს კიევზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებენ.
"მაშინ, როდესაც პუტინი შენჟენში, წითელ ხალიჩაზე დადიოდა, რუსეთის იერიშების შედეგად კიევში რამდენიმე ევროპული და არაევროპული ქვეყნის საელჩო დაზიანდა.
დიპლომატიური წარმომადგენლობები საერთაშორისო სამართლით დაცულია. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა ყოველდღიურად ვლინდება.
დღევანდელი თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის ელჩს ევროკავშირში დავიბარებთ.
ასევე, გავზრდით უკრაინის დახმარებას და გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა მან ომი დაასრულოს", - წერს კალასი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეატე მაინლ-რაიზინგერის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა, თუმცა საელჩოს თანამშრომლებს შორის არავინ დაშავებულა.
ამასთან, რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი დრონი ნიდერლანდების საელჩოს უკან მდებარე შენობას მოხვდა. გარდა ამისა, რუსული დრონის ნამსხვრევები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.