გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთთან ომის დასრულებამდე ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს.
ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, 19 ნოემბერს გავრცელდა.
„ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელი იქნება, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს და არღვევს საერთაშორისო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, მათ შორის გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკების საკითხები თავად ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და ნატო-ს მოკავშირეების თანხმობას საჭიროებს.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.
„მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, საომარი მოქმედებების შეწყვეტის პირველ ნაბიჯად მთელი ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკულ ზავს დათანხმდეს.
„შავი ზღვის გავლით უსაფრთხო გადაადგილებისა და ნაოსნობის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, რაც გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონიდან სურსათის ექსპორტის უზრუნველსაყოფად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერებმა ასევე დაადასტურეს უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო, ფინანსური, პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა.
ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელებაზე, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაზე.