რუსეთი აგრძელებს მტკიცებას, რომ შეწყვეტს უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" "ნებისმიერ მომენტში", თუ კიევი დათანხმდება მოსკოვის პირობებს.
კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინამ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად, ხოლო დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უნდა აღიაროს.
ამავდროულად, პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ ცვლილებები უნდა შეიტანოს კონსტიტუციაში და უარყოს იდეა რომელიმე ბლოკში გაერთიანების შესახებ.
პესკოვმა დასძინა, რომ რუსეთი დაასრულებს უკრაინის "დემილიტარიზაციას" და თუ ეს პირობები დაკმაყოფილდება, სამხედრო მოქმედებები „"მომენტალურად შეჩერდება".
მიუხედავად ჩამოთვლილი ტერიტორიული მოთხოვნებისა, პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას.
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს გაიმართება. უკრაინული მხარე გამორიცხავს ტერიტორიულ ნაწილში რუსეთთან რაიმე შეთანხმებას.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა, რამდენიმე კვირაში კი მხარი დაუჭირა პრორუს სეპარატისტებს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.