უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ვლადიმირ პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ზელენსკი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხუთშაბათს, დუბლინში დაგეგმილ შეხვედრაზეც კონკრეტული წინადადებებით ჩავლენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრა ირლანდიის დედაქალაქში ხუთშაბათს საღამოს იგეგმება. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დუბლინში რუსეთში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩავლენ. შეხვედრა დღის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.
„ამერიკელები პუტინთან კონკრეტული წინადადებებით გაემგზავრნენ. ძალიან მინდა, რომ დუბლინშიც კონკრეტული წინადადებებით ჩამოვიდნენ. ამის დიდად არ მჯერა, თუმცა იმედი მაინც მაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მხარეები ამჟამად მუშაობენ იმაზე, რომ სამშვიდობო პროცესში წლის ბოლომდე კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უიტკოფთან და კუშნერთან დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინებზე. მისი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლებისგან ელოდება რუსეთის მხარის პასუხს იმ საკითხებზე, რომლებიც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს განიხილეს.
„უპირველეს ყოვლისა, ჰუმანიტარული მიმართულება განვიხილეთ. მხარეებმა იმსჯელეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობაზე - 1000 1000-ზე, შესაძლოა, 1200 1200-ზე. ეს ძალიან დადებითი შედეგი იქნებოდა. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა თქვას რუსეთმა უარი, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მეორე საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია. უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების რამდენიმე ფორმატი განვიხილეთ. ამ საკითხზე რუსეთის მხარის პასუხსაც მივიღებთ. ისინი ამერიკელებს თავიანთ ხედვას გააცნობენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ასევე განიხილება ენერგეტიკის სფეროში, ზღვაზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხები.
„შევთანხმდით, რომ ამერიკული მხარე რუსეთის ლიდერს შეხვდებოდა და ყველა ეს საკითხი იქ იქნებოდა განხილული. ამიტომ ველოდები, რომ დუბლინში, საღამოს, სულ მცირე, ამ საკითხებზე პასუხს მაინც მივიღებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ასევე განიხილება ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა, რომელზეც ტერიტორიული საკითხი იქნება განხილული.
ასევე ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელების მონაწილეობის მნიშვნელობას.
„ხაზს ვუსვამ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდეს. ამის შესახებ ამერიკული მხარისგანაც იყო სიგნალი. ჩვენ ამას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ცვლილებას ვხედავთ - ამერიკული მხარე ამ საკითხის მიმართ უფრო კეთილგანწყობილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, რომ მომდევნო მოლაპარაკებებში ევროპა უკვე არა შეხვედრის კულუარებში, როგორც ეს აბუ-დაბიში მოხდა, არამედ თანასწორუფლებიანი მონაწილის სტატუსით იყოს წარმოდგენილი.