"ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, გასულ წელს, იყო, პირველ რიგში ექსპორტი - მათ შორის, 80 პროცენტზე მეტით ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც უკვე 2021 წლის 11 თვეში გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს, 2019 წლის მაჩვენებლებს, ასევე შემოსავლების მოსალოდნელზე მაღალი აღდგენა ტურიზმიდან“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ტურიზმის სექტორი კვლავ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშეა, რადგან პანდემია გრძელდება, ახალი ტალღა, ახალი შტამები ჩნდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნათია თურნავას თქმით, საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე კვლავაც რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად, სადაც ტურისტები დღესაც ჩამოდიან, რასაკვირველია, სრულად ვაქცინირებულები ან სხვადასხვა პროცედურის დაცვით.
სიმართლე გითხრათ, ტურისტული თვალსაზრისით, არ მოველოდით ასეთ სწრაფ აღდგენას, რომელიც მოხდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორად გატარებული, დაბალანსებული პოლიტიკის შედეგად, გვაქვს მოსალოდნელზე მაღალი აღდგენის ტემპი - ზამთრის სეზონი დაწყებულია, კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა რეგულაცია, რათა წინ აღვუდგეთ კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას, მაგრამ ჩვენი ზამთრის კურორტები არიან სრულ მზადყოფნაში, განსაკუთრებით აღსანიშნია, რომ ახალი ინფრასტრუქტურით შევხდით ზამთრის სეზონს მესტიაში და ვიცით, რომ სხვა კურორტებზეც ძალიან ბევრი დამსვენებელი გვყავს", - განაცხადა ნათია თურნავამ.