გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. მისი თქმით, თუმცა ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს.
"ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით სააკაშვილის გადაყვანა და მისი მკურნალობის გაგრძელება მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში არის აუცილებელი. მანამდე მსგავსი დასკვნა მოსმენილი გვქონდა თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან. ამ დაწესებულების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიზანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, ეს დიდი ხანი გაკეთებული ექნებოდათ, მაგრამ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ნაბიჯებს, ან ქმედებებს ველოდეთ”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.