მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, მანდატების დატოვებაზე თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს.
“მე რომ დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, მხოლოდ იმის მეშვეობით შევძელი, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ამაში ხედავს ძალიან დიდ რისკს, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება კომუნიკაციის გზა. ასევე, მეორე არის საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით. პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ეს არის ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ეს ჩასატარებელი გვაქვს. ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ასე იქნება, სააკაშვილი არის იგივე პოზიციაზე, მაგრამ ეს ორი ფაქტორი დასაკმაყოფილებელია. თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, თავი შეგვეკავებინა მანდატების დატოვებაზე“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.