ქართველებს აღარ უნდათ მიშა, ქართველებს აღარ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ყველა პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელად, მათ შორის სააკაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა,
"ზუგდიდში ორშაბათს გათენდება დილა, როცა მერი იქნება წოწერია. გათენდება ზუგდიდში დილა, როდესაც „ქართული ოცნება“, პროგრესი და სინათლე გაიმარჯვებს და არა ის სამარცხვინო ბოროტება, რომელსაც აქ წარმოადგენს მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ეს თქვენი ძვირფასი არხი, რომელიც ახლა კვლევებს აყალბებს და აჩვენებს საზოგადოებას, თითქოს „იფსოსმა“ თქვა, რომ იგებს მელია. არა, „იფსოსმა“ შემდეგ თქვა, რომ იგებს წოწერია, ამიტომ ხართ ისტერიკაში. შესაბამისად, ექვსი წელი არის ბევრი დრო. ქართველებს აღარ უნდათ მიშა, ქართველებს აღარ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ყველა პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელად, მათ შორის სააკაშვილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახური არც ერთ პატიმარს არ მისცემს თავის დაზიანების უფლებას.
"დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სამსახური, რომელიც არც ერთ პატიმარს არ მისცემს საკუთარი თავის დაზიანების უფლებას, რადგან სიცოცხლის უფლება არის მთავარი. ეს არის უმთავრესი უფლება და ასევე ჩვენს ციხეებში მკურნალობაზე უფლება არის დაცული", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.