8 ოქტომბერს ნობელის კომიტეტი გაასაჯაროვებს იმ პირის თუ ორგანიზაციის ვინაობას, რომელსაც გადაეცემა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე სულ 329 კანდიდატია წარდგენილია, მათ შორის 234 ადამიანი და 95 ორგანიზაცია.
ფავორიტებს შორის არიან გარემოს აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია.
ორგანიზაციებს შორის აბსოლუტური ფავორიტია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ვაქცინაციის განაწილების პლატფორმის, Covax-ის გამო წარადგინეს ნობელის პრემიაზე.
თუმცა, ყველა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ჯანრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იმსახურებს ამ უმაღლეს ჯილდოს. სტოკჰოლმის მშვიდობის კველვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, დენ სმიტი მიიჩნევს, რომ ჯანმო, რომელსაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთთან არასახარბიელო სიახლოვეში ადანაშაულებდა, ვერ მიიღებს ამ ჯილდოს, რადგან მისი [ჯანმო] როლი საკამათოა.
ფავორიტებს შორის არის ასევე უფლებადამცველი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", რომელიც, როგორც ამბობენ, დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ ყალბი ამბების წინააღმდეგ ფასდაუდებელ მუშაობას ეწევა.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პრეტენდენტებს შორის არიან ჯო ბაიდენი, ანგელა მერკელი და ბილ გეიტსი.
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1901 წლიდან გადაეცემა ნობელის კომიტეტის მიერ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზიციებს, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ მშვიდობის განმტკიცების სფეროში. გასულ წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სურსათის პროგრამას გადაეცა.
ნობელის კომიტეტმა 2021 წლის ლაურეატების წარდგენა 4 ოქტომბრიდან დაიწყო.
პრემიის პირველ ლაურეატებს ტრადიციულად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ასახელებენ. ორშაბათს პრემია აღნიშნულ სფეროში დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცათ.
სამშაბათს ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ლაურეატების ვინაობა - პრემია მიიღეს სიუკურო მანაბემ, კალუს ჰასელმანმა და ჯორჯო პარიზმა. ოთხშაბათს დაასახელეს ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში - ბენჯამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი.
2021 წლის პრემია ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს გადაეცა აბდულრაზაქ გურნას გადაეცა.
ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებმა საკამათო რეაქციები გამოიწვია. უახლესი მაგალითია, მიანმარის ლიდერი აუნ სან სუ ჩი, რომელმაც მშვიდობის პრემია 1991 წელს მიიღო.
აუნ სან სუ ჩის თავისუფალი სამყარო მიანმარის სამხედრო ხელისუფლების მიერ მუსლიმი როჰინჯების სასტიკი დევნის წინააღმდეგ უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ქვეყანაში მიმდინარე სავარაუდო გენოციდი აუნ სან სუ ჩის არათუ არ გაუპროტესტებია, არამედ პირიქით, მედიას ადანაშაულებდა დეზინფორმაციის გავრცელებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად სამხედრო ხუნტა მართავდა და აუნ სან სუ ჩის ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენები მწირი იყო, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, წინ აღდგომოდა ძალადობას და დაეგმო სამხედრო დანაშაულები, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა.
2019 წელს აუნ სან სუ ჩი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გამოიძახეს, სადაც დაწყებულია გამოძიება მიანმარში მუსლიმი როჰინჯების უმცირესობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებების თაობაზე.
სასამართლო სხდომის კვალდაკვალ, ისმოდა მოწოდებები აუნ სან სუ ჩისთვის ნობელის პრემიის ჩამორთმევის თაობაზე, თუმცა ერთი რამ ფაქტია, პრემიის ჩამორთმევა შეუძლებელია, ის სამუდამოდ ასოცირდება კონკრეტული პირის სახელთან.
აუნ სან სუ ჩი - "სინდისის ელჩის" მეტამორფოზა
კიდევ ერთი საკამათო პერსონა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბია აჰმედ ალია, რომელსაც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მეზობელ ერიტრეასთან კონფლიქტის მოგვარების გამო, 2019 წელს გადაეცა. მალევე, კონფლიქტი განახლდა და სისხლიანი დაპირისპირება დღესაც გრძელდება.
გარდა ამისა, 1994 წელს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის ლიდერმა, იასირ არაფატმა მშვიდობის პრემია მიიღო ისრაელის პრემიერ მინისტრ იცხაკ რაბინსა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ შიმონ პერესთან ერთად. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, კარი ქრისტიანსენმა დატოვა თანამდებობა არაფატის დაჯილდოვებასთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად.
2009 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღო შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ბევრისთვის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი აღმოჩნდა. ნობელის კომიტეტი განმარტავდა, რომ ობამას ჯილდოს მსოფლიოში ჰარმონიის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის გადაეცა, კონკრეტული მიღწევები დასახელებული არ ყოფილა.
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო იყო 1973 წლის დაჯილდოება, როდესაც მშვიდობის პრემია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერსა და ჩრდილოეთ ვიეტნამის პოლიტიკოსს ლე დუკ ტოს გადაეცათ, ვიეტნამის ომის დასრულების პარიზის შეთანხმების მიღწევისათვის. ომი დასრულდა მხოლოდ ორი წლის შემდეგ. მოგვიანებით, ლე დუკ ტომ უარი თქვა ჯილდოზე.
მომზადებულია BBC-ის მასალებზე დაყრდნობით