ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა ტანზანიელ მწერალს, ნოველისტს აბდულრაზაქ გურნას.
მან პრემია "კოლონიალიზმისა შედეგებისა და ლტოლვილთა ბედის უკომპრომისო და თანაგრძნობითი მხილებისთვის" მიიღო.
აბდულრაზაქ გურნა დაიბადა 1948 წელს და გაიზარდა ტანზანიის კუნძულ ზანზიბარში. 1960-იანი წლების ბოლოს იგი ჩავიდა დიდ ბრიტანეთში ლტოლვილის სახით. ამჟამად ის ინგლისში, კენტის საგრაფოში, კენტერბერიში ცხოვრობს. ის კენტის უნივერსიტეტის პროფესორია.
პრემიის ლაურეატს გადაეცემა ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 1.1 მილიონ დოლარზე მეტი.
შეგახსენებთ, ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტს, ლუიზ გლიუკს. მან ჯილდო დაიმსახურა "თავისი განუმეორებელი პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს".
ნობელის პრემიის პირველ ლაურეატებს ტრადიციულად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ასახელებენ. ორშაბათს პრემია აღნიშნულ სფეროში დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცათ.
სამშაბათს ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ლაურეატების ვინაობა - პრემია მიიღეს სიუკურო მანაბემ, კალუს ჰასელმანმა და ჯორჯო პარიზმა. ოთხშაბათს დაასახელეს ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში - ბენჯამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი.