პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეს არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფალ და სამართლიან გარემოში.
მისი განცხადებით, ვადამდელი [საპარლამენტო] არჩევნების საკითხი არ მოხსნილა დღის წესრიგიდან.
მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. იყო უამრავი დაშინების და შანტაჟის ფაქტი, იყო მოსყიდვები და ფიზიკური ძალადობები. ჩემი აზრით, შეუძლებელია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ხდება საარჩევნო უბნებზე, ყველა ხმა არის დასაცავი. ყველგან ეცდებიან გაყალბებას. ახლა მაქსიმუმია დასადები და მერე მოსაფიქრებელია როგორ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას.
ვადამდელი არჩევნების საკითხი არ მოხსნილა ჩემი დღის წესრიგიდან და არანაირი 46% არ აუღია "ქართულ ოცნებას", რომც დაემთხვეს ცესკოსა და ეგზიტპოლების მონაცემები. შარშანდელ არჩევნებთან შედარებით ეს არჩევნები იყო უარესი, რომლის ლეგიტიმურობა მე დავაყენე კითხვის ნიშნის ქვეშ. შარშანდელი არჩევნები ისეთი ცუდი იყო, რომ მას მოჰყვა ბოიკოტი და ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი, სადაც მოხდა შეთანხმება. ამ შეთანხმების მთელი შინაარსი ის იყო, რომ მთელი ქვეყანა უნდა მომზადებულიყო 2021 არჩევნებისთვის და, რომ ამ დროისათვის უნდა გვქონოდა უკეთესი საარჩევნო სისტემა,უკეთესი საარჩევნო გარემო და უკეთესი მართლმსაჯულება, რომ არჩევნების შედეგები აღარ დამდგარიყო კითხვის ქვეშ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.