გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობას ახალი ხელმძღვანელი, ნიკ ბერესფორდი, ჩაუდგება სათავეში. 24 სექტემბერს, UNDP-ის ახლად დანიშნული მუდმივი წარმომადგენელი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ლაშა დარსალიას.
„მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო ვიმსახურო საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის გუნდთან ერთად, ხელი შევუწყო ქვეყნის წინსვლას დემოკრატიული გარდაქმნის, ადამიანის უფლებების დაცვისა და განვითარების მხრივ“, - განაცხადა ბერესფორდმა.
„საქართველოში გამოწვევებით სავსე დროს ჩამოვედი, როდესაც ქვეყანამ პანდემიით გამოწვეული კრიზისი უნდა დასძლიოს და მტკიცე ნაბიჯები გადადგას მდგრადი განვითარების მისაღწევად. ამ რთულ დროს, გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენს ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით იქნება“, - დასძინა მან.
ნიკ ბერესფორდი განვითარების გამოცდილი პროფესიონალია, რომელიც 20 წელზე მეტია მუშაობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში. საქართველოში ჩამოსვლამდე, იგი კამბოჯაში, ბანგლადეშში, სომალისა და აღმოსავლეთ ტიმორში მსახურობდა. ასევე მუშაობდა გაეროს სათაო ოფისში ნიუ იორკში (აშშ).
განათლებით ეკონომისტი, ნიკ ბერესფორდი ფლობს ხარისხს განვითარების ეკონომიკაში და ასევე აუდიტში, ფინანსურ მენეჯმენტსა და ინგლისურ ლიტერატურაში.