დღეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება თბილისის ხუთ საგამოცდო ცენტრში დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობას იღებენ პროფესიული განათლების მიღების ის მსურველები, რომლებიც უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აბარებენ. შესაბამისად, 13 და 14 სექტემბერს თბილისის საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები ჩააბარებენ ტესტს ზოგად უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია-ბიოლოგია).
ეროვნული პროფესიული ტესტირების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გაეცნენ.
მინისტრის მოადგილემ თითოეულ აპლიკანტს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისთვის, საგამოცდო ცენტრებში სრულიად არის გათვალისწინებული კოვიდ-პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გამო თბილისის საგამოცდო ცენტრებში ტესტირების თარიღი 13 და 14 სექტემბერს გადაიწია, რათა თითოეული აპლიკანტისთვის გამარტივებულიყო საგამოცდო ცენტრამდე მისვლა.
სხვადასხვა მიზეზის გამო ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შესახებ იხილეთ დეტალური ინფორმაცია: https://www.mes.gov.ge/content.php?id=12485&lang=geo