ევროკავშირის განცხადებამდე შეფასება მეც გავაკეთე და ბევრმა სხვამაც. გასაგები იყო, რომ სავარაუდოდ, ისინი ამ ტრანშს მეორე მაკროფინანსური დახმარებისას ვერ მიიღებდნენ გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების ნაწილში რეფორმები, რაც უნდა გაეტარებინათ, უარი თქვეს და ივანიშვილის დავალებით ჩააბეტონეს უზენაეს სასამართლოში კლანის მოსამართლეები, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირს დაასწრო და თქვა, რომ სესხს არ აიღებდა.
„ვირეშმაკურად გადაწყვიტეს, ვიდრე ევროკავშირი ეტყოდა უარს, რაც იქნებოდა მწვავე პოლიტიკური გზავნილი დაასწრეს და თქვეს, ჩვენ ვალებს აღარ ავიღებთო, მაშინ, როცა იანვრიდან ივლისის ჩათვლით ოთხი მილიარდი ლარი აქვთ ვალი. ჩემი აზრით, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა უკეთესია, ვიდრე ევროკავშირში, ვინც ფიქრობს, რომ ეკონომიკა დუღს და გადადუღს, უნდა წავიდეს 2 ოქტომბერს და შემოხაზოს 41. ყველა დანარჩენმა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის, უნდა წავიდეს და შემოხაზოს ნებისმიერი სხვა პარტია და დაამთავროს ეს ხელისუფლება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.