ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ განვითარებული მსჯელობა, რომლითაც მათ შეუზღუდეს განმცხადებელს გამოხატვის თავისუფლება, არ იყო არც რელევანტური და არც საკმარისი რათა გამართლებულიყო ჩარევა კონვენციის მე-10 მუხლში.
ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავდა. საქმეზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ "აიისას" საჯარო დისკუსიაში შეჰქონდა წვლილი, კერძოდ, პროდუქციის რეალიზაციის დროს კომპანიის განცხადებული მიზანი იყო სექსუალობის სწორ გაგებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დამსხვრევა. მოსარჩელის პროდუქციის ნაწილი თემატურად ეხებოდა ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა სექსუალურ ურთიერთობას, ნაწილი კი შეიძლება აღქმულიყო, როგორც სოციალური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე კომენტარი სხვადასხვა საჯარო მნიშვნელობის მქონე საკითხზე. ამდენად, ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ მოსარჩელის გამოხატვა მხოლოდ კომერციული გამოხატვის ჭრილში უნდა იქნეს აღქმული, სასამართლოსთვის არ არის გამართლებული.
კონდომიანი ორი თითის და გვირგვინის გამოსახულებასთან დაკავშირებით, სასამართლოს შეფასებით, ეროვნულ დონეზე სასამართლოებმა ვერ მოახერხეს ეჩვენებინათ, თუ რატომ იწვევდა ქალის ხელის გამოსახვა რელიგიურ სიმბოლოებთან ასოციაციას. მაშინ, როდესაც განმცხადებელი დაობდა, რომ არ არსებობდა არავითარი რელიგიური კონოტაცია, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სადავოდ გამხდარ ვიზუალში წარმოდგენილი იყო ქალის მარცხენა ხელი, ეროვნული სასამართლოები დაჟინებით მიუთითებდნენ რომ გამოსახულება უნდა მიჩნეულიყო ე.წ “მაკურთხებელი მარჯვენა”, როგორც ქრისტიანული რწმენის სიმბოლო.
ანალოგიურად, განმცხადებლის წინააღმდეგ მიმართული პროცესის განმავლობაში გაურკვეველი დარჩა, თუ რატომ მიიჩნევდა სასამართლო ისტორიულ მოვლენაზე მითითებას ან გვირგვინის სახით კონდომის გამოსახვას არაეთიკურ რეკლამად.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ორივე ამ შემთხვევაში ეროვნულ სასამართლოებს არ განუმარტავთ არსებობდა თუ არა ამ ვიზუალების შეზღუდვის “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება”, როგორც ეს სასამართლოს პრაქტიკით არის დადგენილი.
თამარ-მეფის გამოსახულებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებს ეროვნულ დონეზე არ წარმოუდგენიათ საკმარისი მტკიცებულებები/ანალიზი. შესაბამისად, მასთან მიმართებით სასამართლომ საბოლოო დასკვნისგან თავი შეიკავა.
საბოლოოდ სასამართლო აღნიშნავს: “სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხევითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.“
ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი.“
აღსანიშნავია, რომ ანი გაჩეჩილაძის საქმის განმხილველი მოსამართლე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე იყო. შესაბამისად ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რიგით მეოთხეა იმ გახმაურებული საქმეებიდან (გვირგვლიანის საქმე, მოლაშვილის საქმე, ე.წ. მოსამართლეების საქმე), სადაც ლევან მურუსიძის გვარი ფიგურირებს.