პარტიამ „საქართველოსთვის" კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართა.
"მასმედიაში ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო იმ დროისთვის ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, მისივე თქმით, უკრაინიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიცავს შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნებს.
აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს", აცხადებენ პარტიაში.