სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებები სეზონური ვირუსების შესაძლო გამოვლენის შემთხვევებისთვის ყველა საჭირო მედიკამენტით უზრუნველყოფილია.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებს დამატებით სხვადასხვა წამლები, მათ შორის ანტიბიოტიკები და პრეპარატი "ტამიფლუ" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ და ფარმაცევტულმა კომპანია "პე-ეს-პემ" გადასცა.
მედიკამენტები სისტემაში არსებულ ყველა ჯანდაცვის პუნქტსა და სამკურნალო დაწესებულებებში გადანაწილდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, მინისტრის მოადგილეებმა კოკა სეფერთელაძემ და ლევან ზარანდიამ გლდანში, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში წამლების მარაგი და სეზონურ გრიპებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამედიცინო ნაწილების მზადყოფნა პირადად შეამოწმეს.
მინისტრის განცხადებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, სეზონური გრიპების პრევენციის მიზნით, სამინისტრომ თადარიგი დაიჭირა და სისტემის ჯანდაცვა ყველა საჭირო პრეპარატით მოამარაგა.
სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემაში 400-მდე მაღალკვალიფიციური მედპერსონალი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.