მდინარე რიონში, მდინარის ნამოხვანი-გუმათის მონაკვეთზე, ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციით, წყალში წუხელ ღამით შევიდა და გაუჩინარდა. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ოპერაციაში ჩართულია დრონები, ადგილზე იმყოფებიან მყვინთავებიც.
"მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაახლოებით 100-მდე მაშველია ჩართული მთლიანად ამ მასშტაბში და დაახლოებით 10-მდე ნავი მუშაობს ახლა მთლიანად 15 კმ სიგრძის მონაკვეთზე.
ჯერჯერობით შედეგი არ გვაქვს, თუმცა თავისთავად სანამ არ ვიპოვით, მანამდე გაგრძელდება სამუშაოები. ჩამოყვანილია სხვადასხვა ეკიპაჟები სხვადასხვა ქალაქებიდან, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინარდა. ასევე, თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი თბილისიდან იყო და ის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ორი დღის წინ შეუერთდა.
წყალში გადახტომამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სხვებთან ერთად ვახშმობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მიაწოდა და წყალში შევიდა. მისი შეჩერება ვერ შეძლეს.