იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს მოლაპარაკება, - ამბობს "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
მისივე თქმით, კონკრეტული წინადადებები მოდიოდა უშუალოდ მედიატორებისგან, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
"ყველას აქვს გაცნობიერებული, ყოველ შემთხვევაში, აქ, ოპოზიციის ამ ჯგუფში, რომ კომპრომისები მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან. და, ასევე, ის, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც განმუხტავს ღრმა კრიზისს, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება დღეს და იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ შევძლებთ შეთანხმებით დავასრულოთ ეს მოლაპარაკება.
ამ წუთში, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" რაზე არის და რაზე არ არის თანახმა. ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომელიც, ცხადია ეფუძნება ყველას პოზიციებს, მაგრამ ეს წინადადებები მოდის მედიატორისგან”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში მედიატორის ფუნქციით იმყოფება. დანიელსონმა უნდა შეძლოს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციები შეაჯეროს, რასაც შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა უნდა მოჰყვეს.