პირველი ქართული სტამბის დაარსებიდან 300 და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემიდან 380 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარლამენტის რუსთაველის სახელობის დარბაზში უძველესი ნაბეჭდი წიგნების გამოფენა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია მოეწყო.
ღონისძიება პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენის ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმა და აღნიშნული ღონისძიების პარლამენტში გამართვისთვის მადლობა გადაუხადა.
"წიგნს ყველა ერის ისტორიაში და ცნობიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის, რომ ახლა ამ დარბაზში, რომელიც რუსთაველის სახელს ატარებს, XVII-XVIII საუკუნეების ქართული ბეჭდური გამოცემებია წარმოდგენილი, მიუთითებს, რომ საქართველო ყოველთვის იყო ცივილიზებული მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი და ქართველები უდავოდ მაღალკულტურული ერია. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი კულტურული საგანძურით. საქართველოს არ გააჩნია ბუნებრივი სიმდიდრე და წიაღისეული, მაგრამ ჩვენი სიმდიდრე ქართველი ხალხის წიგნიერება და ცოდნაა. მინდა ვუსურვო ყველას და მათ შორის საკუთარ თავსაც, რათა ქართულ წიგნს მკითხველი არასოდეს მოკლებოდეს", - განაცხადა ბაქრაძემ.
გამოფენის მონაწილეებს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გია ხუბუაც მიესალმა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის გამომცემლობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კოლოსალური შრომა გასწია, რაზედაც მეტყველებს 100-მდე სამეცნიერო-შემეცნებითი და ნათარგმნი გამოცემები. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის გამომცემლობა ყოველი გამოცემული წიგნის თითო ეგზემპლარს საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადასცემს.