ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან გარიგებული არ არის. ყოფილ თანაგუნდელზე პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერმა „TVპირველის“ ეთერში ისაუბრა. ჯაგარიძე მიიჩნევს, რომ ხვიჩიას მცდელობები უშედეგო იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული არ არის და რასაც აკეთებს, იმისი მართლა სჯერა. უბრალოდ რასაც აკეთებს, შედეგისმომტანი არ იქნება და ჩემი აზრით, პირიქით, წამგებიანია. წრეზე შემოიარა ოპოზიცია და არწმუნებდა, რომ მთავარია შევთანხმდეთ სრულიად პროპორციულ, ბარიერის გარეშე არჩევნებზე და არ დათანხმდა ოპოზიცია, არც ხელისუფლება წამოვიდა. ახლა მეორე წრეზე შემოიარა, იქნებ ადგილობრივი არჩევნები ჩავთვალოთ პლებისციტადო და ვერც ოპოზიცია დაითანხმა, არც „ოცნება“ მოდის ამაზე. ცხადია, შეიძლება გააგრძელო, მესამე ვერსია მოიგონო, მეოთხე ვერსია მოიგონო, მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი. „ქართული ოცნება“ დღეს არ დათმობს მნიშვნელოვნად ძალაუფლებას, იმიტომ, რომ არანაირი ზეწოლა მასზე არ არის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.