პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უარყოფს.
ამით ის გამოეხმაურა ყოფილ თანაგუნდელს, იაგო ხვიჩიას, რომლის თქმითაც ზურაბ ჯაფარიძისგან იგებდა იმ შეთავაზებების შესახებ, რომელიც "ოცნებას" ოპოზიციის მიმართ ჰქონდა.
"არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია. საერთოდ, "ოცნებასთან" კომუნიკაცია არ მქონია ბევრი წელია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა მე მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ მინისტრთან, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ "გირჩი" ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, მე "ოცნებასთან" კომუნიკაცია არ მქონია არასდროს”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.