გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხვალ, 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებისას ოფისში იქნება და არა მეტეხის ხიდთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივად გეგმავს მანდატებზე უარის თქმას. რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას ჯაფარიძე განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს მანდატის დროებით შენარჩუნებას, არამედ, ისიც სხვების მსგავსად იმავე ვადებში დაწერს განცხადებას. იგი აცხადებს, რომ "ცერემონიები არ უყვარს".
“პარლამენტში არ ვიქნები, ალბათ, აქ ვიქნები ოფისში. ღონისძიებაზე არა. სამჯერ მაქვს უკვე რაღაცაზე ხელი მოწერილი და მესმის, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ ბოიკოტის რეჟიმი შევინარჩუნოთ და პარლამენტში არ შევიდე, გავივლი ჩემით.
რა პროცედურებს გაივლიან სხვები, იგივე ვადებში გავივლი მეც. უბრალოდ, არ მიყვარს ცერემონიები", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მანდატებზე უარს ამბობენ და პარლამენტში არ შედიან.