პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძემ "კურიერს" განუცხადა, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ დაემორჩილება.
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ აღნიშნული რეგულაცია გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით პოლიტიკური პროტესტის ჩასახშობად დააწესა.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ წაყენებული მოთხოვნების, საუბარია ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებასა და არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე, დაკმაყოფილებას ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევენ.
"გეგმა ერთადერთი, რომელიც ახლა არსებობს, არის ის, რომ პროტესტი გაგრძელდება. რა ფორმას მიიღებს ეს პროტესტი, ამაზე, ჯერჯერობით, შეთანხმებულები არ ვართ, ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და ყოველდღიურად ვწყვეტთ, რას გავაკეთებთ მომავალ დღეს.
მე არ ვემორჩილებოდი ამ რეგულაციებს გაზაფხულზე. ოპოზიციური პარტიების გადასაწყვეტი იქნება, დაემორჩილებიან თუ არა ამ რეგულაციებს. გასაგებია, რომ ეს რეგულაციები უნდათ ახლა პოლიტიკური პროტესტის ჩასახშობად. მე არ მგონია, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ დღის განმავლობაში ადამიანებს შორის უფრო ნაკლები ინტერაქციაა, ვიდრე ღამის 22 საათიდან დილის 5 საათამდე. ამ შეზღუდვას სხვა მიზანი არ, აქვს გარდა იმისა, რომ პროტესტი ჩაახშონ. მე არ დავემორჩილები”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.