პენტაგონის ხელმძღვანელი რობერტ გეიტსი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მალე ავღანეთთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
"პრეზიდენტს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს. ამიტომაც ახლა მან უნდა გადახედოს ყველა სავარაუდო შედეგს იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს", _ განაცხადა გეიტსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონტან ერთად ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
"ეს გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტობის დროის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება", _ დასძენს გეიტსი.
პენტაგონის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რა სთხოვეს ბარაკ ობამას. თუმცა აშშ-ის მედია წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ავღანეთში სტაბილურობის მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების მთავარსარდლის, გენერალ სტენლი მაკკრისტალის ანგარიშში არის მოთხოვნა ავღანეთში არსებული სამხედრო კონტიგენტის მნიშვნელოვანი ზრდის თაობაზე. საუბარი, სავარაუდოდ, მიდის 40 ათასი სამხედრო მოსამსახურის დამატებაზე.
შეგახსნებთ, რომ აშშ ომს ავღანეთში რვა წელიწადია აწარმოებს. 2009 წლის გაზაფხულზე ბარაკ ობამამ ამ ქვეყანაში მდგარ 68-ათასიან კონტიგენტს 21 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაუმატა.