სამწუხაროდ, ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად, მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, როდის დასრულდება, ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად.
„ჩვენს ამომრჩეველსაც, საქართველოს მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნებოდა გზა, რომელიც გაივლიდა ღირსებაზე, კეთილდღეობასა და მშვიდობაზე. ამას იმიტომ დავპირდით, რომ ჩვენი საზოგადოება ხედავდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროინტეგრაცია, რომელიც უნდა იყოს პროცესი თანხმობისა, შრომისა და რუტინული საკითხების გადაწყვეტისა, სამწუხაროდ, იქცა განხეთქილების, პოლარიზაციისა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის იარაღად. ეს არის, რაც დაინახა ჩვენმა მოსახლეობამ, რაზეც ჰქონდა კრიტიკული შეფასებები და რასაც ვუპასუხეთ წინასაარჩევნო კამპანიის დროს. სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი განცხადების საფუძველი.
მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, დაიწყო მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი იქცა მანიპულაციის ინსტრუმენტად. სამწუხაროდ, ვხედავთ ოპოზიციის და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. სამწუხაროდ, ტენდენციები არის, რომ ევროინტეგრაცია აქციონ ევროისტერიად. ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია ჩვენი ოპონენტების სახით. ისე წარმოჩენაა პროცესის, რომელიც საგნობრივი, ხანგრძლივი, რამდენიმეეტაპიანია, თითქოს დღეს გადასაწყვეტი საკითხია, თითქოს, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხზე არის დამოკიდებული საბოლოო შედეგი ევროკავშირში წევრობის. მინდა, ყველას შევახსენო, რომ მოლაპარაკებებზე როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არა ის, როდის გაიხსნება მოლაპარაკებები, არამედ ის, როდის დასრულდება. ჩვენ ზუსტად ამ გეგმით ვმოძრაობთ და ზუსტად ეს იყო, მათ შორის სამთავრობო პროგრამის ნაწილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.