რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 9 ნოემბრიდან მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ რედაქციამ 30 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა სარედაქციო კოლექტივი მუშაობის შეწყვეტამდე მიიყვანეს.
„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩვენს სახლში, სადაც 30 წელი გავატარეთ, შუქს ჩავაქრობთ, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი რედაქცია, მუშაობა შეეწყვიტა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რედაქციის განმარტებით, გამოცემას ბოლო პერიოდში მუშაობისთვის საჭირო რესურსები მთლიანად შეუზღუდეს. ჟურნალისტებს მოსკოვის ცენტრში მდებარე ოფისის დატოვება მოსთხოვეს, პარალელურად კი გაითიშა მკითხველებისგან შემოწირულობების მიღების სისტემა. გამოცემის ცნობით, ბანკებისა და კერძო კომპანიების უარი მომსახურებაზე, თითქოს, შიდა კორპორაციული წესებით იყო განპირობებული, თუმცა რედაქცია ამ შეზღუდვებს სპეცსამსახურების ზეწოლას უკავშირებს.
გამოცემა ასევე იხსენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მისი ინტერნეტრესურსები დაბლოკა, წაართვა სტამბა, გაუუქმა მედიასაშუალების რეგისტრაცია, ხოლო ჟურნალისტებისა და რედაქციის თანამშრომლების წინააღმდეგ სხვადასხვა სამართლებრივი ზომა გამოიყენა. მიმდინარე წლის სექტემბერში „უცხოეთის აგენტად“ მთელი სარედაქციო კოლექტივი გამოაცხადეს.
რედაქციაში აცხადებენ, რომ გამოცემის ჟურნალისტები თითქმის ხუთი წლის განმავლობაში მუშაობას სპეცსამსახურების მუდმივი ზეწოლის პირობებში აგრძელებდნენ, თუმცა ახლა, მათი შეფასებით, „მკვლელობის ზონაში“ აღმოჩნდნენ.
„ნოვაია გაზეტა“ განცხადებაში იხსენებს მოკლულ კოლეგებსაც, მათ შორის ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას. რედაქციის განცხადებით, ექვსი თანამშრომელი პროფესიული და სამოქალაქო მოვალეობის შესრულების გამო მოკლეს.
„ნოვაია გაზეტა“ 1993 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დამოუკიდებელ გამოცემად მიიჩნეოდა. მისი ყოფილი მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი 2021 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
გამოცემის ცნობით, დახურვამდე გაზეთის ბოლო ნომერი გამოვა.