გაზის მარაგების სწრაფად ამოწურვა და რუსეთიდან მიწოდების მოსალოდნელი შემცირება ქმნის წინაპირობებს ახალი ენერგეტიკული კრიზისისთვის ევროპაში, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა ორი წლის წინანდელი ძლიერი შოკიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს.
უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციამ წელს გაზის ფასის დაახლოებით 45%-ით გაზრდა გამოიწვია.
გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გაზის ფასები კვლავ 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე დაბალია, ის საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ გააღრმაოს კრიზისი მოსახლეობისთვის და გააძლიეროს წნეხი მწარმოებლებზე, რომლებიც ისედაც განიცდიან სირთულეებს. ასეთ ვითარებაში მაშველ რგოლს გაზის საცავები ასრულებენ, თუმცა წელს მარაგები სწრაფად მცირდება მას შემდეგ, რაც ყინვამ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაზარდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს, რადგან გაზის მიწოდება, რამაც ხელი შეუწყო რეზერვების შევსებას 2024 წელს, სავარაუდოდ, მომავალ წელს მიუწვდომელი იქნება, რაც ზეწოლას გაზრდის ფასებზე.
როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთის კონფლიქტი უკრაინასთან მწვავდება და ორივე მხარე ამ კვირაში იწყებს სარაკეტო შეტევებს, რადგან ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამასთან ერთად ევროპა უკვე ემზადება წლის ბოლოს უკრაინის გავლით რუსული გაზის მიწოდების შესაძლო შეწყვეტისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა შეამცირა რუსეთზე დამოკიდებულება, გაზის მიწოდების ერთ-ერთი ბოლო მარშრუტის დაკარგვა კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს გაზის ბაზარზე და გამოიწვევს მსოფლიო ფასების მკვეთრ ზრდას.სისტემაზე ზეწოლის კიდევ ერთი უჩვეულო ნიშანია ის, რომ ზაფხულის ფასები, როდესაც გაზი იაფი უნდა იყოს, უფრო მაღალია, ვიდრე მომდევნო ზამთარში. ეს მიუთითებს, რომ ენერგიის ღირებულება უფრო მაღალი დარჩება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და რაც უფრო დაბალი იქნება მარაგების დონე საცავებში ზამთარში, მით უფრო რთული იქნება რეზერვების შევსება“, – წერს გამოცემა.
Energy Aspects-ის ანალიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ შეამცირა დამოკიდებულება რუსეთზე, მილსადენის ერთ-ერთი დარჩენილი გაზის მარშრუტის დაკარგვა გაზრდის ზეწოლას გაზის ბაზარზე და გამოიწვევს მსოფლიო ფასების მკვეთრ ზრდას.
ევროპა უკვე ემზადებოდა რუსული გაზის პოტენციური შეწყვეტისთვის უკრაინის გავლით, როდესაც სატრანზიტო შეთანხმების ვადა ამოიწურებოდა წლის ბოლოს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ფატიჰ ბიროლის თქმით, ევროპას სჭირდება საკმარისი მარაგები ზამთრის ბოლოსთვის, თუ რუსული საწვავის ტრანზიტი უკრაინის გავლით შეწყდება 2025 წლის პირველ იანვარს.
„და კვლავ ყველაზე მეტად დაზარალდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, რაც ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, რომელიც ისედაც განიცდის პრობლემებს საავტომობილო, ქიმიურ და მანქანათმშენებლობის სექტორებში“, – განაცხადა „ბლუმბერგთან“ საუბრისას Saxo Bank AS-ის სასაქონლო სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ოლე ჰანსენმა.