უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ის მოელის საქართველოსთან დაძაბულობის შემცირებას, რაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას მოჰყვა.
დმიტრო კულებამ ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა "უკრინფორმთან" ინტერვიუსას ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.
"ზოგიერთი კრიზისი მხოლოდ იმის გამო წარმოიქმნება, რომ ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინულ-ქართულ ურთიერთობებს არაფერი ემუქრებათ. ყველაფერი ეს დავიწყებას მიეცემა და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას", - უთხრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა "უკრინფორმს".
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცდომა უწოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცნობია თუ როდის დაბრუნდება კიევში თეიმურაზ შარაშენიძე. ზალკალიანის თქმით, ელჩმა კონსულტაციები უნდა გაიაროს არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ შესაბამის უწყებებთან და ეს პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.
მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, საქართველოში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
11 ივნისს უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.