რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოანა ცოიუს განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის ფარგლებში შავ ზღვას სამოქალაქო გემებისთვის სახიფათო ზონად აქცევს.
მისი თქმით, რუმინეთის სანაპირო დაცვის საჰაერო და საზღვაო დანაყოფები, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური, აქტიურად მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში, რომლის მიზანიც იმ გემის დაკარგული ეკიპაჟის წევრების პოვნაა, რომელსაც 15 ოქტომბერს, დილით, რუმინეთის შავი ზღვის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში თავს დაესხნენ.
მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრი ვერტმფრენით კონსტანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებით რუსეთი საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს და შავ ზღვას სამოქალაქო გემებისთვის სახიფათო ზონად აქცევს“, - წერს ცოიუ სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, სავაჭრო ფლოტის მეზღვაურების მკვლელობა ამ რეგიონში და მთელ მსოფლიოში დანაშაულია.
„რუსეთს ამ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ოანა ცოიუს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხ სავაჭრო გემზე თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის რუმინეთის ტერიტორიულ წყლებსა და მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში. თავდასხმების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
„ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე სასტიკი და სასიკვდილო თავდასხმებია. ამავდროულად, ვხედავთ, რომ იზრდება რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული „შაჰედის“ ტიპის და სხვა სახის საჰაერო და საზღვაო დრონების შეჭრის შემთხვევები - მხოლოდ დღეს სამი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო სივრცის პრევენციული პატრულირებისთვის გამანადგურებლები ააფრინეს“, - განაცხადა ცოიუმ.
მისი თქმით, რუმინეთმა ბოლო ინციდენტების შესახებ მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა.
„მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. ვაძლიერებთ ძალისხმევას, რათა გავაძლიეროთ ნატო-ს კოლექტიური შესაძლებლობა, ეფექტიანად უპასუხოს მსგავს ინციდენტებს, ასევე გავაძლიეროთ ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობები“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, რუმინეთი შეთანხმდა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უახლოეს დღეებში ალიანსის გენერალურ ასამბლეას მოიწვევს.
შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში კომერციულ გემებზე დრონებით გახშირებული თავდასხმების ფონზე, რუმინეთი სთავაზობს შავი ზღვის რეგიონის ნატო-ს წევრ ქვეყნებს, შექმნან ერთობლივი სამხედრო სარდლობა, რომელსაც წევრი სახელმწიფოები როტაციის პრინციპით უხელმძღვანელებენ.
14 ოქტომბერს რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუმინეთი და ბულგარეთი შეთანხმდნენ, გააღრმაონ თანამშრომლობა დრონების წინააღმდეგ ბრძოლისა და შავ ზღვაში კომერციული ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
.